თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა 2 აგვისტოს, გამთენიისას, კონფლიქტის დროს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძეს მისივე სახლში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მისი გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების წყალობით მოხერხდა. ის ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.
ჟვანიასთვის ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 50 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას.
ბუსა ჟვანიას ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
„ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, აღიარებს თუ არა ბუსა ბრალს. მისი პოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. ვიცით, რომ გამოძიება სხვა მუხლით დაიწყო და შემდგომ კვალიფიკაცია შეიცვალა, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობს და ბევრი გარემოება დაუზუსტებელია, მათ შორის – რა ვითარებაში მიიღო დაზიანება და ა.შ.“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია 2 აგვისტოს დააკავეს. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.