თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარული დეპუტატობის საკუთარი კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა, აქედან 14 – საქართველოს რეგიონებში.
კანდიდატები 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატების პრეზენტაციისას პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებელია საქართველოს შველა, რომელიც მდიდარი მთავრობის ხელში ღარიბი ქვეყანაა“.
„დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც გასვრილია ნეპოტიზმში, კორუფციასა და წილებში. დიახ, ეს მათი საქართველოა. მათი საქართველო იქაა, სადაც არის ოლიგარქების შუშის სახლები, ტენდერები და კორუფცია, მაგრამ ეს ქვეყანა სხვა საქართველოა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მან ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ პირველ 100 დღეს პარტია იხელმძღვანელებს დევიზით – კეთილდღეობა, დაცვა და დასავლური ინტეგრაცია.
ბოკერია და უგულავა – მთავარი დამრტყმელი ძალა
ზუგდიდში „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარად თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ხოლო ფოთი–ხობი–სენაკის საარჩევნო ოლქში გიგა ბოკერია დაასახელა.
მმართველი პარტიიდან ბოკერიას ამჟამინდელი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაუპირისპირდება, უგულავას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მთავრობის პრეს-მდივანი ირაკლი ჩიქოვანი.
„პირველად ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში–ხობსა და სენაკში. არა მარტო იმიტომ, რომ ფოთში დედაჩემია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს! ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ თავის ბედნიერებას. თქვენთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ადრე „ევროპული საქართველო“ ოპოზიციიდან მაჟორიტარების საერთო კანდიდატების დასახელებას ემხრობოდა. თუმცა, მათი წინადადება არ გაიზიარა მეორე ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„ჩვენ ორ ვარიანტს გთავაზობთ. პირველი: ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ ყველა დიდ ქალაქში საკუთარი კანდიდატები დაასახელოს, ხოლო სხვა რაიონებში მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატებს. მეორე ვარიანტია: ჩვენ მხარს დავუჭერთ „ნაცმოძრაობას“ ქალაქებში, იგი კი საკუთარ კანდიდატებს არ დაასახელებს იმ ოთხ საარჩევნო ოლქში, სადაც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი“, – აღნიშნა ადრე ბოკერიამ.
მაშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ წინადადებას არ დათანხმდნენ.
„იქ, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი პოზიციები აქვს, ჩვენ ჩვენს კანდიდატებს წამოვაყენებთ“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.
საარჩევნო ოლქების სია, სადაც „ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი კანდიდატები დაასახელა:
საარჩევნო ოლქი | რეგიონი | "ევროპული საქართველო" | "ქართული ოცნება" |
თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხი
|
კახეთი | ზურაბ ჭიაბერაშვილი | ირაკლი ქადაგიშვილი |
გურჯაანი–საგარეჯო–სიღნაღი–დედოფლისწყარო | კახეთი | გიორგი ღვინიაშვილი | დავით სონღულაშვილი |
რუსთავი | ქვემო ქართლი | ირმა ნადირაშვილი | ნინო ლაცაბიძე |
მარნეული–გარდაბანი | ქვემო ქართლი | აჰმედ იმამყულიევი | ზაურ დარგალი |
ახალციხე–ნინოწმინდა | სამცხე–ჯავახეთი | არსენ კარაპეტიანი | სამველ მანუკიანი |
ქუთაისი | იმერეთი | ოთარ კახიძე | ზაალ ლომინაძე |
საჩხერე–ჭიათურა–ხარაგაული |
იმერეთი | სერგო რატიანი | პაატა კვიჟინაძე |
ზესტაფონი–ბაღდათი–თერჯოლა–ტყიბული | იმერეთი | გიგი წერეთელი | ბეჟან წაქაძე |
სამტრედია–წყალტუბო–ვანი–ხონი |
იმერეთი | აკაკი ბობოხიძე | გივი ჭიჭინაძე |
ზუგდიდი |
სამეგრელო–ზემო სვანეთი | გიგი უგულავა | ირაკლი ჩიქოვანი |
ფოთი–ხობი–სენაკი | სამეგრელო–ზემო სვანეთი | გიგა ბოკერია | ირაკლი ხახუბია |
აბაშა–მარტვილი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ | სამეგრელო–ზემო სვანეთი | ლელა ქებურია | ალექსანდრე მოწერელია |
ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური |
გურია | ხათუნა გოგორიშვილი | ვასილ ჩიგოგიძე |
ხულო–შუახევი–ქედა და ხელვაჩაური |
აჭარა | ტარიელ ნაკაიძე | ანზორ ბოლქვაძე |
რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის რაიონში დეპუტატის მანდატისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს („ქართული ოცნებიდან“ – ნოდარ ტურძელაძე), მთაწმინდა–კრწანისის რაიონში კი შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ოდიშარიას დაუპირისპირდება.