გარემოს ეროვნული სააგენტო: რაჭაში განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროება არ არსებობს

© photo: Racha is our love / FBწყალდიდობა რაჭაში
წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ზონაში ამ დრომდე იმყოფება და მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.

თბილისი, 1 აგვისტო  — Sputnik. რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენების მიზეზებს  გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ, ნათქვამია უწყების Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. 

წყალდიდობა რაჭაში - Sputnik საქართველო
რაჭაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით,  სტიქიური მოვლენები ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა და მყინვარების თანდართულმა ინტენსიურმა დნობამ ონის, უწერას, შოვის, გლოლასა და ღების მონაკეთებზე მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ადიდება გამოიწვია.

„სტიქიის დროს, 12 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 84 მმ-ს მიაღწია.  შოვის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, წყლის ხარჯმა ქალაქ ონთან 507მ³/წმ შეადგინა. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის აუზში წყლის დონის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც ამ დროისათვის განმეორებით წყალმოვარდნის საშიშროებას არ ქმნის“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი სტიქიის ზონაში ამ დრომდე იმყოფება და მიმდინარე პროცესზე უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს. სპეციალისტები მოამზადებენ რეკომენდაციებს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაჭის რეგიონში მიმდინარე ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მოხერხდა რამდენიმე სოფელში მიმოსვლის აღდგენა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის მოგვარება, განაცხადა ონის რაიონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ. 

ამ მომენტისთვის გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი, ელექტროენერგია კი ექვს სოფელს არ მიეწოდება.

სტიქიის ზონიდან 437 ადამიანია ევაკუირებული, 600–ზე მეტ ოჯახს კი საკვები პროდუქტებით აღმოუჩინეს დახმარება.

მთავრობის წინასწარი შეფასებით, რეგიონში წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მთლიანობაში 150 მლნ ლარამდე იქნება საჭირო, გზების რემონტს  კი მინიმუმ რამდენიმე თვე დასჭირდება.

ყველა ახალი ამბავი
0