თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთშაბათს „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება.
მანამდე რურუას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ ელოდება სამართლიან გადაწყვეტილებას და რომ „მოსამართლის გადაწყვეტილება არ იქნება სამართალზე, კანონზე და მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული“, და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
ოპოზიცია გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო ხელისუფლება – „ჩვეულებრივ დამნაშავედ“, რომელიც არ ღირს საზოგადოების ყურადღებად. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ჩარევისა და ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს.