სპორტსმენი, რომელსაც ერთხელ მაინც მიუღია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, ვერასდროს დაივიწყებს ამას. ის ყოველთვის დარჩება მის მეხსიერებაში და სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. ხოლო თუ გამარჯვების კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო და, უფრო მეტიც, ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა, მაშინ „კომენტარი საერთოდ ზედმეტია“.
„მოგონებები, შთაბეჭდილებები და ემოციები მოსკოვის ოლიმპიადიდან სამუდამოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. რადგან იქ ჩემი პროფესიული საქმიანობის მწვერვალს მივაღწიე — გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. სავსებით ბუნებრივია, რომ ამას არასდროს ივიწყებენ“, — ამბობს ხაბარელი.
თუ მოსკოვის ოლიმპიადასა და უფრო თანამედროვე თამაშებს შორის პარალელს გავავლებთ, მაშინ გახსნისა და დახურვის ცერემონიები შეიძლება ცოტა გულუბრყვილოდ და ლამაზად მარტივი ჩანდეს. ათწლეულების შემდეგ თამაშების ორგანიზატორები და ტრანსლაციის რეჟისორები „ტყავიდან ძვრებიან“, რათა რაღაც ახლის დემონსტრირებით მაყურებელმა მორიგი გრანდიოზული შოუ ნახოს. მაგრამ მსგავსი ტაქტიკა ყოველთვის არ ამართლებს, არ მუშაობს. ვერავინ შეძლებს უცბად გაიხსენოს, როგორ ჩაიარა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ, ვთქვათ, 2004 წელს ათენში ან 2000 წელს სიდნეიში. აი დათუნიას „ფრენა“ კი სამუდამოდ დარჩა საზოგადოების მეხსიერებაში.
„მოსკოვის ოლიმპიური თამაშები ყველა თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. კარგად მახსოვს 80-იანი წლების პერიოდი. მაშინ ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად მთელი საბჭოთა კავშირის ძალები იყო მობილიზებული. მოგვიანებით, როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე ოლიმპიურ თამაშს დავესწარი. ბევრი მათგანი კარგ დონეზე ჩატარდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ისეთი ორგანიზება, როგორიც მოსკოვში, არსად არ იყო. შეიძლება მე ოდნავ სუბიექტური ვარ, რადგან სწორედ მოსკოვში გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს ბევრი სხვა სპორტსმენიც, რომელთაც შედარების საშუალება აქვთ. ყველა აღნიშნავს მოსკოვში ჩატარებული თამაშების მაღალ დონეს“, — ამბობს ხაბარელი. და ეს არის სიტყვები არა რიგითი ადამიანისა, არამედ ოლიმპიური ჩემპიონის!
მაშინ ბევრმა ქვეყანამ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა. მაგრამ მოსკოვის ოლიმპიადაში იმ დროის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთადერთი გამონაკლისი იაპონელები იყვნენ, რომლებიც არ ჩავიდნენ ოლიმპიადაზე. ყველა დანარჩენი მოსკოვში იყო: ბერნარდ ჩულუიანი (საფრანგეთი) — ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, ჰაროლდ ჰინკე (გდრ) — ევროპის ორგზის ჩემპიონი და მრავალი სხვა. ასე რომ, მოსკოვის ოლიმპიადაზე ერთმანეთს იმ დროის ყველაზე ძლიერი ძიუდოისტები ეჯიბრებოდნენ.
შოთა ხაბარელი საბჭოთა ძიუდოისტების მესამე თაობის წარმომადგენელია. სპორტის ამ სახეობის განვითარება სსრკ-ში 60-იან წლებში დაიწყო (მანამდე სამბო უფრო პოპულარული იყო) და პირველად ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 1964 წელს ტოკიოში შევიდა. მაშინ საბჭოთა სპორტსმენებმა ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მათგან ორი ქართველი იყო — ანზორ კიკნაძე და ფარნაოზ ჩიკვილაძე. ქართველი ძიუდოისტების გარდა, კვარცხლბეკზე არონ ბოგოლიუბოვი და ოლეგ სტეპანოვი ავიდნენ. სწორედ ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ქართველი ძიუდოისტები მუდამ, განუწყვეტლივ იდგნენ კვარცხლბეკზე. გამონაკლისს მხოლოდ 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს, თუმცა მაშინ საბჭოთა ძიუდოისტებიდან ვერც ერთმა ვერ მოიპოვა მედალი. და კიდევ, ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშები 1984 წელს, რომელსაც სოციალისტური ბლოკისა და სსრკ-ის წარმომადგენლებმა უბრალოდ ბოიკოტი გამოუცხადეს.
„ქართველი ძიუდოისტების ბრძოლის მანერა ემყარებოდა და კვლავაც ემყარება ქართული ჭიდაობის ტექნიკას, რამაც მათი ტექნიკა გამორჩეული გახადა. ჩვენი ჭიდაობა ძალიან ჰგავს ძიუდოს და მის საფუძვლებს ნაზიარები ქართველი სპორტსმენები გამოირჩეოდნენ სხვების ფონზე. ჩემ ორთაბრძოლებში ჭიდაობისა და ძიუდოს სტილს ვაერთიანებდი. და არა მარტო მე. ბევრი ქართველი ძიუდოისტი სწორედ ამ ფაქტორის გამო წარმატებით გამოდიოდა საერთაშორისო არენაზე. სსრკ-ის ნაკრებშიც ყოველთვის ბევრნი შედიოდნენ“, — ამბობს შოთა ხაბარელი.
სხვათა შორის, ზოგმა ხაბარელის სტილს ხუმრობით „ანტიძიუდო“ უწოდა — სწორედ იმიტომ, რომ მას უფრო მეტი ელემენტი ქართული ჭიდაობიდან ჰქონდა აღებული. როდესაც მწვრთნელები უკვე ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ხაბარელს უფრო ახალგაზრდა სპორტსმენებს წარუდგენდნენ ხოლმე, ეუბნებოდნენ: შეხედეთ მას, მაგრამ არ გამოიყენოთ მისი სტილი.
„დიახ, ასე იყო. მაგრამ საქმე ის არაა, რომ მე კლასიკური ძიუდოს ტექნიკას არ ვიყენებდი. ამას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკეთებენ: აშშ-ში, ინგლისში, ბრაზილიაში, იტალიაში, საფრანგეთში და ყველგან, სადაც ძიუდო მაღალ დონეზეა განვითარებული. ყველას საკუთარი სტილი აქვს. ასეა ჩვენთანაც — იყო და არის ჩვენი ქართული სტილი, რითიც მე, ალბათ, სხვებზე მეტად გამოვირჩეოდი. სწორედ მისი წყალობით გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და სასიამოვნოა, რომ მოგვიანებით მას „ხაბარელის ილეთი“ შეარქვეს — ილეთი, რომლითაც მეტოქეებს ვამარცხებდი. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ამ ილეთს ოფიციალურად უწოდა ჩემი სახელი“, — ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი.
ოლიმპიადის მოგება — ეს მარტო პრესტიჟი კი არ იყო, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც მომგებიანი გახლდათ. ოლიმპიურ თამაშებში მიღებული ოქროსთვის ხაბარელმა მიიღო: 3,5 ათასი მანეთი, ბინა ვაკეში და, რა თქმა უნდა, „ვოლგა“. ავტომობილი ქართველ ძიუდოისტს მოსკოვში, ცსკა-ში გადასცეს, ვინაიდან სწორედ ამ სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა ხაბარელი. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ სპორტსმენებს, წარმატების შემთხვევაში, ცალკე სპორტკომიტეტი ახალისებდა, ცალკე ის სპორტული საზოგადოება, რომელსაც წარმოადგენდა, ცალკე ნაკრები და ცალკე კიდევ საკუთარი ქვეყანა.
„სამწუხაროდ, ახლა საქართველოში ასე არ არის, — აცხადებს ხაბარელი. — ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენთვის ეკონომიკურად რთულია, რომ ჩვენს ოლიმპიელებს ის პატივი მივაგოთ, რომელიც მათ დაიმსახურეს. თუმცა ყურადღებას ნამდვილად არ არიან მოკლებულნი. ვცდილობთ, ყოველწლიურად გავზარდოთ ბიუჯეტი სპორტსმენებისთვის — ხელფასები, ფედერაციის დაფინანსება და საპრიზო თანხა სხვადასხვა ტურნირებში წარმატებული გამოსვლებისთვის. ახლა ასეა, იმ დროს კი სხვანაირად იყო. ჩემი აზრით, ახლა უფრო კომერციალიზაციისკენაა ტენდენცია, მაშინ კი მთავარი აქცენტი იდეოლოგიაზე კეთდებოდა“.
რა თქმა უნდა, დრო იცვლება. იცვლება ოლიმპიური თამაშებიც. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოლიმპიადა დღემდე მნიშვნელოვან მოვლენად რჩება. ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ამ ტურნირისთვის მარტო სპორტსმენები კი არა, ქვეყნებიც ემზადებიან.
ასე მიიჩნევს შოთა ხაბარელიც. მისი თქმით, ოლიმპიადა არ კარგავს აქტუალურობას და გამუდმებით უმჯობესდება:
- „ვფიქრობ, რომ ოლიმპიური თამაშები არასდროს მოკვდება. თამაშებს დიდი ისტორია და დიდი მომავალი აქვს. თუ მსოფლიოში ისეთი მოვლენა არ მოხდება, როგორიცაა COVID-19-ის პანდემია და რის გამოც ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, ერთმნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიური თამაშები არასდროს მოკვდება“.