თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა, იუწყება საზოგადოებრვი მაუწყებლის „პირველი არხი“.
2 ათასი ადამიანიდან 1,5 ათასი ადგილობრივი მოსახლეა, 500 კი დამსვენებელი. ადგილობრივი ოფიციალური წყაროების ცნობით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათთან დაკავშირება მხოლოდ ტელეფონითაა შესაძლებელი.
რაჭაში სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენს ელოდებიან, რათა აღნიშნული სოფლების მოსახლეობა პროდუქტით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით მოამარაგონ.
ონის რაიონში კალაპოტიდან მდინარის გადმოსვლის შედეგად დაზიანდა 10 ხიდი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სოფელ ჟამიერეთში მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა. საბედნიეროდ, სახლში არავინ იმყოფებოდა – ოჯახის წევრები ორი დღის წინ ქალაქში გაემგზავრნენ.
რაიონის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა – კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე რიონმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის სამი საყრდენი წაიღო.
ადგილობრივებს წყალმომარაგების პრობლემაც შეექმნათ. ონში წყლის გარეშე დარჩა 400-ზე მეტი აბონენტი. შეზღუდვის მიზეზი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება გახდა. ვიდრე წყლის მიწოდება არ აღდგება, აბონენტებს სასმელი წყლით თავად წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან.