თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყველა მოქალაქეს თურქეთში კარანტინის გარეშე ჩასვლა შეუძლია, განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სენერ იაზგანმა.
„პანდემია კონტროლს ექვემდებარება. ხალხს ფხიზელი ოპტიმიზმი აქვს. საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული იყო“, – განაცხადა ელჩმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
მისი თქმით, საქართველოში ზომები დროულად მიიღეს, რამაც ეკონომიკური და სოციალური შედეგი გამოიღო.
„თუ შეადარებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ნახავთ, რომ საქართველო ძალიან კარგად მოქმედებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩავიდეს თურქეთში კარანტინის გარეშე. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თურქეთში სამკურნალოდ მიდიან, შემდეგ კი ჩვენ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ეს ასე არაა. ეს ძალიან მცირე ნაწილია. ასე რომ, ყველა ქართველს, რომელსაც სამედიცინო მომსახურების მიღება სურს, თურქეთში დაუბრკოლებლად შეუძლია ჩასვლა“, – აღნიშნა ფატმა იაზგანმა.
დიპლომატმა ამასთან განმარტა, რომ თურქ ბიზნესმენებსაც უნდა ჰქონდეთ საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ უნდა გახსნან საქართველოში მაღაზიები და ქარხნები. ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა ელჩმა.
28 ივლისის მონაცემებით, თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 227 019 ადამიანს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 210 469 ადამიანი (92%), გარდაცვლილია 5 630. სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 10920 ადამიანია, აქედან 1 263 – სერიოზული და კრიტიკული შემთხვევაა.
საქართველო თურქეთთან საზღვარს ცალ მხარეს ხსნის
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, თუ ექნებათ დამსაქმებლის მიერ გაცემული ოფიციალური სამთვიანი მიწვევა. თუმცა, სამშობლოში დაბრუნებისას მათ სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
ამჟამად საქართველოს ყველა მოაქალაქე, რომელიც უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდება, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადის, ხოლო ოფიციალური მივლინებებიდან დაბრუნებული პირები 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ PCR–ტესტს გადიან.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი კონტროლდება, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაადგილება, მათ შორის საზღვარზე და სამუშაო მიზნებით, დადგენილი ნორმებითა და წესებით განხორციელდეს, მიიჩნევს ქვეყნის ხელისუფლება.
საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის 21 მარტს დაკეტა და შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების მიზნით.
ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა ხუთი ქვეყნისთვის – გერმანია, ლატვია, საფრანგეთი, ლიეტუვა და ესტონეთი. მათ მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.