თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ამერიკულ კომერციულ პლატფორმა Etsy-ზე, რომელიც მთელ მსოფლიოში ხელნაკეთი ნივთებით ვაჭრობს, ამ დროისათვის 14 ათასი ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი.
კომერციული ვებ-გვერდი Etsy სპეციალიზებულია ორიგინალურ და ტრადიციულ ხელნაკეთ ნივთებზე.
ამერიკულ საიტზე შესაძლებელია ისეთი ქართული ტრადიციული ნივთების ხილვა, როგორიცაა თიხის ჭურჭელი, ტანსაცმელი, საიუველირო ნივთები და სხვა ხელნაკეთი საგნები. ამჟამად ვებ-გვერდზე წარმოდგენილია დაახლოებით 50 ქართული არტ-მაღაზია, მალე კი მათი რიცხვი 120-მდე გაიზრდება.
2018 წლის მონაცემებით, ვებ-გვერდზე წარმოდგენილი იყო 60 მილიონზე მეტი ხელნაკეთი ნივთი, რაც ნიშნავს, რომ ვებ-გვერდმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 მილიონი გამყიდველი 40 მილიონ მყიდველს დააკავშირა.
Etsy-ზე საქართველოდან ნივთები პირველად 2015 წელს გამოჩნდა.