თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეციალური რეისით ამჯერად საქართველოს 137 მოქალაქე დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
28 ივლისს ასევე დაგეგმილია სპეცრეისი ათენიდან. საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს. ევროპული ქალაქების მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ჩამოსულმა მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 104 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.
დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6439 ადამიანია განთავსებული.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დანიშნულ ჩარტერულ რეისებს საქართველოს მთავრობა ნაწილობრივ, არაუმეტეს 261 ათასი ევროს ფარგლებში დაასუბსიდირებს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დროს სახელმწიფო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 23 ათასზე მეტ თანამოქალაქეს.