თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი, პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის ვერცხლის მედლით დაჯილდოეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი გამსახურდია პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის, მარიუშ კამინსკის გადაწყვეტილებით, პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.
დაჯილდოებაზე განსაკუთრებით აღინიშნა გიორგი გამსახურდიას ცოდნა, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და პიროვნული ჩართულობა საერთაშორისო სამართლებრივ დევნაში (ინფორმაციის გაცვლა, ტრენინგებში თანამშრომლობა და ა.შ.).
„პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას უცხადებს პოლონეთის პოლიციის საქმიანობას, პოლონეთში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, როგორც ოპერატიული, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავისადმი გამართულ ღონისძიებაზე პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ, პოლიციის მთავარმა კომენდანტმა გენერალ-ლეიტენანტმა იაროსლავ შიმჩიკმა და მისმა მოადგილეებმა კანდელი დაანთეს და გვირგვინებით შეამკეს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი „დაღუპულ პოლიციელებს - პოლონეთის რესპუბლიკა“ და ასევე მემორიალური დაფა პოლიციის მთავარ კომენდატურაში. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ძებნილი ბოროტმოქმედი დააკავა >>
პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავისადმი გამართულ საზეიმო ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობის მიწვევით პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.