თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე დაყრდნობით.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
„მე მონაწილეობას მივიღებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, საბურთალოს საარჩევნო ოლქში. მე აქ ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი და საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საბურთალოელებს პარლამენტში ისეთი წარმომადგენელი ჰყავდეთ, რომელიც მათი პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს.
„ჩემი ამოცანა იქნება, რომ ის წარმატება, რომელიც ჩემმა ქვეყანამ მაჩუქა მე და გამარჯვება, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მოვიპოვე, უკან დავუბრუნო ჩემს ქვეყანას, საბურთალოს მცხოვრებლებს“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ
„ლელო საქართველოსთვის" გასული წლის დეკემბერში ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს", პარტია „ახალი მემარჯვენეებისა" და „შენების მოძრაობის" პოლიტიკური გაერთიანება.
პარტიის შემადგენლობაში ბანკირების გარდა არიან პარლამენტის ექს-სპიკერი დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები – კახა კოჟორიძე, ფიქრია ჩიხრაძე, ანა ნაცვლიშვილი, ასევე ცნობილი ექსპერტები.
არჩევნები 2020: ბანკირ ხაზარაძის პარტია ცესკოში დარეგისტრირდა>>
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულები მიიღებენ. თბილისში იქნება 8 მაჟორიტარული ოლქი, 22 ოლქი კი ათ რეგიონზე გადანაწილდა.