ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარი-ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 146 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 26,6%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ლიდერი ქვეყნების ექვსეულში არიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.
2020 წლის ივნისში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა 17,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 169,2 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პოზიტიური ტენდენციები ივნისში ფულადი გადმორიცხვების დინამიკაში დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე ვალუტის გაცვლით კურსზე. გვენეტაძის განცხადება ეროვნული ბანკის Facebook-გვერდზეა გავრცელებული.
„დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, – წერს გვენეტაძე.
საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირება სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ზომების გამო დაიწყო. ამის შედეგად ეკონომიკური ვითარება პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში გაუარესდა.
ფულადი გადარიცხვები აპრილში წლიური გაანგარიშებით 42,3%-ით შემცირდა, მაგრამ მაისში შემცირების ტემპმა იკლო და –9,6% შეადგინა.