თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება.
გაეროს გენმდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს>>>
ასეთი კომენტარი გააკეთა პრემიერმა გახარიამ პორტალ Haqqin.az–ზე გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია რომ ივლისის დასაწყისში „სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს“. ამასთან, პორტალმა თითქოსდა ფაქტის დამადასტურებელი რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომ საქართველოს გავლით სომხეთში რუსეთიდან სამხედრო ტექნიკით დატვირთული „კამაზის“ ავტომობილები გადაადგილდებოდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფაქტს „დაუზუსტებელი ინფორმაცია“ უწოდა.
„ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ვასრულებთ. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია... აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ვიტყვი რომ, ჩვენს ძმობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გახარიამ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პორტალის მიერ გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით.
„თქვენ ნახეთ ეს ფოტოები? ეს ჩვეულებრივი სატვირთოებია და არა იარაღით დატვირთული“, – აღნიშნა გახარიამ.
ადრე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც. დიპლომატმა აღნიშნა, რომ სტატიის ავტორები ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ბაქოსა და თბილისის პარტნიორობას და ყოველივე „მიმართულია პრობლემის ხელოვნური შექმნისკენ“.
აზერბაიჯანი–სომხეთის საზღვართან ვითარება 12 ივლისს მკვეთრად გაუარესდა. მხარეების განცხადებით, სროლები გრძელდება აზერბაიჯანის მხარეს თოვუზის რაიონში, ხოლო სომხეთის მხარეს – ტავუშის ოლქში. ეს ტერიტორია საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, სადაც ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.
ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა 12 აზერბაიჯანელი სამხედრო პირი, მათ შორის ერთი გენერალი. სომხეთის მხარემ ოთხი ოფიცრის დაღუპვისა და ათი ადამიანის დაჭრის შესახებ გააკეთა განცხადება. ორივე მხარე შეტაკების დაწყებასა და სროლებს ერთმანეთს აბრალებს.
მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.