თბილისი, 23 ივლისი - Sputnik. იაპონიის მთავრობა გამოუყოფს საქართველოს არასაპროექტო საგრანტო დახმარებას დაახლოებით 2,8 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში არის რიგით მერვე. იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2006-2015 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილ იქნა დაახლოებით 3,8 მილიარდი იაპონური იენი. თანხები მოხმარდა მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.
„ეს გრანტი გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და მოხმარდება თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შეძენას. ეს ძალიან დროული და ადეკვატური დახმარებაა, მიმდინარე კონტექსტიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
შესაბამის ნოტებსა და დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.
მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა იაპონიას მხარდაჭერისთვის ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების განვითარების პროცესში.
ხაზი გაესვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) როლს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით. კერძოდ, საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე.
გარდა ამისა, JICA-ს მიერ გამოყოფილი 4.2 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას.
ასევე, აღინიშნა მნიშვნელოვანი პროექტი Clean Energy by Solar Electricity Generation, რომლის ფარგლებში მზის პანელები გადაეცა და დამონტაჟდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებზე.
დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მომავალ წლებშიც კვლავ წარმატებით გაგრძელდება.
სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა >>
საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქართულ-იაპონური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ სფეროებში.
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2019 წელს 269,6 მილიონი დოლარი შეადგინა, 2018 წელს - 255 მილიონი დოლარი.
გარდა ამისა, საქართველო და იაპონია წარმატებით თანამშრომლობენ ჯანდაცვის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში.