თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაფრთხილებისა და აკრძალვის ნიშნები დამონტაჟდება.
თბილისის ზღვაზე ბოლო წლებში მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა სავალალოა – დაიხრჩო 30-ზე მეტი ადამიანი, აქედან 10 – არასრულწლოვანი. ბოლოს 21 ივლისს წყალსაცავში 15 წლის ორი მოზარდი დაიღუპა. მაშველებმა ერთის ცხედარი მაშინვე იპოვეს, ხოლო მეორის მოძებნას რამდენიმე საათი დასჭირდა.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, დედაქალაქის ხელისუფლება უკვე შეუდგა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესებისა და სანიტარული ნორმების შემუშავებასა და დაწესებას.
„ჩვენ ვმუშაობთ თბილისის ზღვის სანიტარულ წესებზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების სტანდარტსაც თბილისის ზღვაზე, კონკრეტულ ადგილებზე. შემუშავებული წესები საკრებულოში მალე გაიგზავნება, რომელსაც საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტი აღასრულებს", – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
თბილისის ზღვაზე სპეციალური აკრძალვისა და გაფრთხილების ნიშნების დაყენების ინიციატივით სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ „მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე და იურისტი ალეკო ცქიტიშვილი. მათ თბილისის მერიას მიმართეს ამ მოთხოვნით კამპანიის „იცურე მშვიდად" ფარგლებში იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვმა იმატა.