თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 40 მილიონი დოლარი გაყიდა. ბირჟაზე ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,0585 GEL/$1, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სავალუტო ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად სამი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა ცხრა აუქციონი, რომლებზეც დაახლოებით 270 მილიონი დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის ამასწინანდელი განცხადებით, იგი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ბანკი აქტიური მოთამაშე იქნება ბაზარზე, ვინაიდან ამჟამად სავალუტო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო დიდი გაურკვევლობაა.
სავალუტო აუქციონების გარდა, ეროვნული ბანკი კურსის რყევის შესამცირებლად ყოველდღიურად ახორციელებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსი დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი ვაჭრობაში გარკვეული მოცულობის უცხოური ვალუტით ერთვება.
გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი გეგმავს ინტერვენციისთვის იმ ვალუტის გამოყენებას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით იღებს.
30 ივნისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა 3,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2020 წლის დასაწყისის მაჩვენებელს.
ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ ის სავალუტო ბაზრით განისაზღვრება. თუმცა ქვეყანაში, სადაც მნიშვნელოვანი წილი იმპორტზე მოდის, გაუფასურებული და არასტაბილური ეროვნული ვალუტა საფრთხეს უქმნის ფასების სტაბილურობას, რაც, თავის მხრივ, ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება.