სასწრაფო დახმარების სამსახურს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა

© Sputnik / Viktor Kaminskyსასწრაფო დახმარების მანქანები
სასწრაფო დახმარების მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის იანვარში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. მანამდე იგი დედაქალაქის მერიას ექვემდებარებოდა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტოპარკი მთლიანად შეივსო – დღეს სამსახურს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა.

პრეზენტაციას, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა და სადაც 60 ახალი ავტომობილი იყო გამოფენილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, 2014 წლის დასაწყისიდან სასწრაფო დახმარების სამსახურმა 262 ავტომობილი შეიძინა.

„დღეს ჯანდაცვის სფეროსთვის, სამინისტროსა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრეზენტაციას წარმოვადგენთ. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლდა. იგი 60 ახალი მანქანით შეივსო, რომლებიც ევროსტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილი", – განაცხადა ტიკარაძემ.

პალატა - Sputnik საქართველო
ექიმების საყურადღებოდ! რა ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს კონკრეტული დარღვევა

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, რამდენადაც გამართული ავტოპარკი უზრუნველყოფს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ყველაზე საჭირო მომენტში.

"ჩვენ ამით იმ გმირების შრომის პირობებს გავაუმჯობესებთ, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ", – აღნიშნა ტიკარაძემ.

60 ახალი ავტომობილი, რომელთა შორის 15 რეანიმობილი და 45 სასწრაფო დახმარების მანქანაა, თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის სიტყვებით, რეგიონებში ახალი ფილიალების მშენებლობაა დაწყებული, რათა თანამშრომლებს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეთ. 24 ფილიალი უკვე გახსნილია და წლის ბოლომდე კიდევ 29 გაიხსნება.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში სასწრაფო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლებულია, რაც სასწრაფო დახმარების მუშაობის ხარისხის ზრდას ხელს შეუწყობს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც არაერთხელ გამოავლინეს თავდადება, განსაკუთრებით წელს, როდესაც პანდემიას ვებრძოდით", – განაცხადა თალაკვაძემ.

მიმდინარე წლის იანვარში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. მანამდე იგი დედაქალაქის მერიას ექვემდებარებოდა.

2020 წლიდან თბილისის, ბათუმისა და ქვეყნის რეგიონების სასწრაფო სამედიცინო სამსახურები გაერთიანდნენ. ერთიან თანამედროვე სისტემას ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0