თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი უკვალოდ გაქრა 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. გამოძიება მის გარდაცვალებას როგორც პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობას განიხილავს და დამნაშავეთა დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა.
იაკობ ბრეგვაძე უწყებაში ადვოკატთან ირმა ჭკადუასთან ერთად დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, დღეს მისი მისამართით კითხვები არ დაუსვამთ, რადგან საგამოძიებო უწყებას კითხვებით თავად მიმართა.
ბრეგვაძის განცხადებით, აინტერესებდა, თუ რატომ ჰქონდა მას დაზარალებულის სტატუსი, რაზეც პასუხი მიიღო.
„გამოძიებასთან მქონდა კითხვები, დაზარალებულად რატომ მცნეს. მათ ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი. მითხრეს, რომ მივიღე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ასევე, ნახეს ჩემი „ინსტაგრამ“ მიმოწერები. დაბადების დღეზე ფოტოები არ გადამიღია, რადგან მე იქ სტუმრად მივედი და არა ფოტოგრაფად. შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ იმ ღამეს დეტალურად არაფერი ვიცოდი. ხვალ ვუპასუხებ ნებისმიერ კითხვას, რაც გაინტერესებთ“, – განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ.
იაკობ ბრეგვაძის პირველ ჩვენებასთან დაკავშირებით, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმეში დევს, სხვადასხვა მედიასაშუალების გამომძიებელი ჟურნალისტები ბევრ კითხვის ნიშანს სვამენ. არ სჯერათ ასევე იმ აუდიოჩანაწერის ავთენტურობისაც, რომელიც შსს-მ 7 ივლისს გაასაჯაროვა და სადაც ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ღამეს „112“-ის ოპერატორს ელაპარაკება და უხსნის ადგილმდებარეობას, სადაც მან თავი შეაფარა.
ფოტოგრაფი ჩვენებაში ამბობს, რომ ის იმალებოდა მშენებარე შენობაში Kebab house-სთან. ეს შენობა იმ სამრეცხაოს გვერდით მდებარეობს, სადაც მცხეთის დაბადების დღიდან წამოსულ და ხიდიდან გადმოსულ 6 ახალგაზრდას (რომელთა შორის გიორგი შაქარაშვილიც იყო), მანქანიდან გადმოსული პირები დაედევნენ. ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ამბობს, რომ სწორედ ამ ინციდენტს გაექცა. კითხვები არსებობს „თავშესაფარში“ მოსახვედრად მაღალ ღობეზე გადახტომასთან დაკავშირებითაც – ჟურნალისტებს არ სჯერათ, რომ ახალგაზრდა შეძლებდა ამ ღობეზე გადახტომას.
ამასთან დაკავშირებით ადვოკატი აცხადებს, რომ ფოტოგრაფის უდანაშაულობაში საზოგადოების დასარწმუნებლად აპირებენ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, ყველაფერს გადაიღებენ, როგორ და სად იმალებოდა საბედისწერო ღამეს იაკობ ბრეგვაძე და ბიჭი აუცილებლად გადახტება იქ არსებულ ღობეზე ჟურნალისტების თვალწინ, რათა შეწყდეს სპეკულაციები.
შაქარაშვილი საქმე
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: უშუალოდ მკვლელობას, რომლის დამტკიცებას ახლა ცდილობს გამოძიება, და უკვე დადგენილ ფაქტებს - ცემას, ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
ცემის ეპიზოდი უკავშირდება წვეულებას, სადაც კონფლიქტი მოხდა. ჯგუფური ძალადობის ეპიზოდი ეხება პირველი კონფლიქტიდან რამდენიმე საათში თბილისი-მცხეთის გზაზე მომხდარ მასობრივ ჩხუბს, რომლის შემდეგ შაქარაშვილი უკვალოდ გაქრა.
მესამე ეპიზოდი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა - უკავშირდება ფეხბურთელის მეგობარ გური ამირხანაშვილს, რომელიც ძალით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს თბილისში, და ეს იმ დროს ხდება, როდესაც მისი მეგობარი დაიკარგა და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი.
სამივე დამტკიცებულ ეპიზოდზე დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. პირველი წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.