თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ქუთაისში 18 ივლისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 45 წლის ბ.კ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
ქალს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.