თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებული არიან და შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართვა, ე.წ. „ფრილანსერებს“ შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში განსაკუთრებული რეჟიმით შემოვიდნენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
შესაბამისი გადაწყვეტილება, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.
პროექტი გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან „ფრილანსერები“, მუშაობენ დისტანციურად, ან შეუძლიათ საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.
„ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა – საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება", – განაცხადა ნათია თურნავამ.
პროექტის თანახმად, მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.
საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.
გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.
ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიან კარანტინს კომერციული ტარიფით, საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება ექვსთვიანი სამოგზაურო დაზღვევის არსებობა.
თურნავას თქმით, ინიციატივის წყალობით საქართველოში ფინანსურად უფრო შეძლებული ვიზიტორები შეძლებენ ჩამოსვლას.
„ეს ადამიანები საქართველოში დიდი ხნით იცხოვრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან", – განაცხადა თურნავამ.
პროექტი საჯარო განხილვაზე უახლოეს დღეებში გავა, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება, დაიწყონ აპლიკაციების შევსება, იმოგზაურონ საქართველოში და საკუთარი ბიზნეს-საქმიანობა აქედან აწარმოონ.