თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პანდემიის პირობებში სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების დახმარების პროგრამას იწყებს.
პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
სახელმწიფო პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ათას ლარზე მეტი გამოიყო.
სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა მიგრანტებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების მიზნით გრანტების გაცემას, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
მთლიანობაში დაგეგმილია დაახლოებით 150 მიგრანტის დაფინანსება. გრანტის მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი მაქსიმალური ოდენობა 4 ათას ლარს შეადგენს.
განაცხადების მიღება 5 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბრუნდნენ.
განაცხადების მიიღება თბილისში შესაძლებელია მისამართზე: თამარაშვილის N15ა, გორში - სამების N1, რუსთავში - ცურტაველის N5ა, ქუთაისში - აბაშიძის N27, ზუგდიდში - აღმაშენებლის N106.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge
რაც შეეხება პროფესიული განათლების ხელშეწყობის, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადების მიღებას, ამ სერვისებთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 15 ივლისიდან დაიწყო.