თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ წმიდა სოფიას ტაძრისთვის სტატუსის შეცვლით 1934 წელს დაშვებული ისტორიული შეცდომა გამოასწორა, განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.
მიმდინარე წლის 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი ენიჭებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა მალევე მოაწერა ხელი ტაძრის მეჩეთად გადაკეთების ბრძანებულებას. მუსლიმური ღვთისმსახურება აია-სოფიაში 24 ივლისს დაიწყება.
„ჩვენ აღვასრულეთ თურქეთის 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა კი ჩვენ ამ შეცდომას ვასწორებთ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“, — განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აია-სოფია მეჩეთად ეკლესიიდან კი არ გადაკეთდა, არამედ მუზეუმიდან.
- „ფათიჰის დროს (მეჰმედ II დამპყრობელი — რედ.) ის დანგრეული ჩავიბარეთ და საგანძურად ვაქციეთ. საუკუნეების განმავლობაში ვუვლიდით, ვაფართოვებდით, კიდევ უფრო ვალამაზებდით. დაე, ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც საგანძურად შევინარჩუნებთ აია-სოფიას, მის კულტურულ ფასეულობას“, — აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ ერდოღანის თქმით, თურქეთში არ არსებობს მტრობა სხვა რელიგიების მიმართ, პირიქით, ქვეყანაში იმაზე 4–5-ჯერ მეტი არამუსლიმური საკულტო ნაგებობაა, ვიდრე ევროპაში მუსლიმური სალოცავები.
სტამბოლში აია-სოფიას ისტორიული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა - ფოტო>>
წმიდა სოფიას ტაძარი ქრისტიანმა იმპერატორმა იუსტინიანემ დააარსა. ის 537 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. აია-სოფია დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე დიდ ქრისტიანულ ტაძრად მსოფლიოში. ოსმანთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, 1453 წელს ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1934 წელს კი, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის დეკრეტის თანახმად, ტაძარს მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. აია-სოფია შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.