თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას შთამომავალი ლეილა რაზიკაშვილი მწერლის 195 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს და საზოგადოებას სოციალურ ქსელში ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გაზიარებას სთავაზობს.
საქართველო დღეს, 14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს აღნიშნავს. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყოველწლიური დღესასწაული "ვაჟაობა" წელს გადაიდო.
„წელს ჩვენ ეს დღე შეგვიძლია აღვნიშნოთ ისე, როგორც არასდროს, – წერს რაზიკაშვილი. – ჩვენ შეგვიძლია „ვაჟაობა" აღვნიშნოთ მთელ საქართველოსთან და მსოფლიოსთან ერთდ ისე, რომ ეს დღესასწაული საყოველთაო გახდეს. ამისთვის არაა საჭირო სცენარები, რეჟისორები, მოსაწვევები და ა.შ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მისი პოეტური სიტყვა და ფრაზები. ჩვენ შეგვიძლია ერთი დღით ჩვენი სოციალური ქსელი ვაჟა-ფშაველას ლექსებითა და ფრაზებით შევავსოთ".
ვაჟა-ფშაველა
ცნობილი მწერალი, ქართველების „მთის არწივი" ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს სოფელ ჩარგალში, მდინარე ჩარგლულას ნაპირას, პატარა ქვიტკირის სახლში.
მშობლები: მამა — პავლე რაზიკაშვილი, სოფლის მღვდელი იყო. სწორედ მან ჩაუნერგა პატარა ვაჟას წიგნების სიყვარული. დედა — ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი, რომლის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად. გულქანი მას საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა.
ლუკა რაზიკაშვილს ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა პეტერბურგში სწავლისას მისმა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა. ფშავ-ხევსურეთში "ვაჟა" კარგ ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავდა.
1879 წელს ლუკამ გორის სამასწავლებლო სემინარიაში ჩააბარა. 1883 წელს პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა, ხელმოკლეობის გამო სწავლა მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა.
ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები: „ალუდა ქეთელაური", „ბახტრიონი", „სტუმარ-მასპინძელი", „გველისმჭამელი", „შვლის ნუკრის ნაამბობი", „ხმელი წიფელი" და ა.შ.
მძიმე შრომამ და გაჭირვებამ ვაჟას ჯანმრთელობა შეურყია. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა, თუმცა მძიმე სენმა თავი მაინც არ ანება და, ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს კი, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის პანთეონში.
ვაჟა-ფშაველა 36 პოემის, 400-მდე ლექსის, ასევე პიესებისა და მოთხრობების ავტორია. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იგი შევიდა როგორც XIX საუკუნის გამორჩეული მწერალი.