თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აგრძელებს პარტიების რეგისტრაციას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.
ცესკოს თავმჯდომარის, ნინო ჟვანიას განკარგულებით სამშაბათისთვის რეგისტრაცია გაიარა კიდევ სამმა პარტიამ: „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ (ნინო ბურჯანაძე), „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“ (გიორგი ვაშაძე); „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ (მალხაზ გორგასლიძე).
ამგვარად, ამ დროისთვის ცესკოში სულ 14 პარტიაა რეგისტრირებული.
პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით.
პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. იმავე დროს პარტიებს ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.
პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.