დეპუტატ კობა კობალაძის შვილს ბრალი წაუყენეს: ჯერი სასამართლოზეა

გამოწერა
დავით კობალაძეს ჯგუფურ ძალადობაში ედება ბრალი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა, დაცვის მხარეს გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების იმედი აქვს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატის კობა კობალაძის ვაჟის, 20 წლის დავით კობალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს, რომელსაც ჯგუფური ძალადობა ედება ბრალად, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

დეპუტატის შვილი თბილისში 24 ივნისს ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილეა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტზე. დაზარალებული თბილისის ერთ-ერთი ბანკის 23 წლის თანამშრომელია.

დეპუტატ კობა კობალაძის განცხადებით, მისი შვილი პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„მტკივნეულია, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასე გამწარებით და ასე თავაღებით იმეტებენ ერთმანეთს", – განაცხადა კობა კობალაძემ ტელეკომპანიასთან სატელეფონო საუბრისას.

ადვოკატები სასამართლო სხდომაზე დავით კობალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ იმის გათვალისწინებით, რომ კობალაძე პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ხუთი ახალგაზრდა. საქართველოს შსს იუწყება, რომ მათი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ ჩხუბის ფაქტის გავრცელების შემდეგ იქნა მიღებული, რამდენადაც იყო ალბათობა იმისა, რომ ჩხუბში მონაწილე პირები მართლმსაჯულებას დაემალებოდნენ.

ამასთან, ქართულ მასმედიაში ვრცელდება ვერსია, რომ საქმეს მსვლელობა მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიების ანონსი გაუშვა ეთერში.

ამავე ფაქტზე განცხადება უკვე გააკეთა პროკურატურამ, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბში, რომელიც თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე მოხდა, ექვსი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც ბანკის 23 წლის თანამშრომელს სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ცივი იარაღით.

ბოლო პერიოდში ყველა საქმე, რომელშიც ჩინოვნიკების ნათესავები ან მეგობრები ფიგურირებენ, ქართული მასმედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ეს თემა აქტუალური 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ გახდა. მაშინ ორი მოზარდი დაიღუპა და მრავალათასიანმა აქციებმა ის შედეგი გამოიღეს, რომ საქმე გამოიძიეს და სასამართლომ მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ამ ზაფხულს მასმედიაში განხილვის აქტუალური თემა ახალგაზრდებს შორის მცხეთაში მომხდარი ჩხუბი გახდა, რომელსაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური არხი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩხუბის ზოგიერთ მონაწილეს ჩინოვნიკები მფარველობენ.

ყველა ახალი ამბავი
0