თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მიღებული ჯილდო - განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს აღიარებაა, განაცხადა ფიგურულ ციგურაობაში დამსახურებულმა მწვრთნელმა ეთერ თუთბერიძემ, მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) Skating Awards-ის პრემიის „საუკეთესო მწვრთნელის“ ნომინაციაში საკუთარი გამარჯვების კომენტირებისას.
ისტორიაში პირველი ISU Skating Awards-ის ცერემონია შაბათს ონლაინ-რეჟიმში გაიმართა. ეთერ თუთბერიძემ აჯობა ამერიკელ სპეციალისტ რაფაელ არუთინიანს, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ნატან ჩენს წვრთნის, და კანადელ ბრაიან ორსერს, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას ავარჯიშებს, რომელმაც თავის ყველა მნიშვნელოვან გამარჯვებას თუთბერიძის ხელმძღვანელობით მიაღწია.
„ჩემთვის, როგორც ყველა მწვრთნელისთვის, ეს არის განვლილი გზის, შესრულებული სამუშაოს აღიარება. მით უმეტეს, რომ მეტოქეები ძალიან ღირსეული მყავდა. ნომინანტებს შორის რომ მოვხვდი, ესეც დიდი პატივია“, - ციტირებს თუთბერიძეს რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრესსამსახური.
მწვრთნელმა ასევე წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო გაამხილა: „ჩვენს საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ, მეტი არაფერია. ჩემთვის ყოველი სტარტი, კვარცხლბეკი - ჩემი გზის ნაწილია. ერთი შეჯიბრება მთავრდება, მე კი უკვე იმაზე ვფიქრობ, რაზე უნდა ვიმუშაო შემდგომში, როგორ შევინარჩუნო ან გავაუმჯობესო სპორტული ფორმა ან გამოვასწორო შეცდომები“.
თუთბერიძის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა ქალიშვილის - დიანა დევისის მედლები, რომელიც ყინულზე ცეკვებში გლებ სმოლინთან წყვილში ასპარეზობს. მწვრთნელმა ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მინდა დავდგა ისეთი პროგრამები, რომელიც მაყურებელს გულს აუჩუყებს, დააფიქრებს“, - აღნიშნა თუთბერიძემ.
მწვრთნელი მუშაობს 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ანა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან, იუნიორთა შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან. სპეციალისტმა ასევე იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ორ უმაღლეს ჯილდომდე ალექსანდრა ტრუსოვა მიიყვანა.