დღის გმირი: ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზას თავდასხმისგან იხსნა

© photo: Sputnik / Lev Ustinov / გადასვლა მედიაბანკშიგიურზა
გიურზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძაღლის მდგომარეობა ძალიან რთული იყო, თუმცა, საბედნიეროდ, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ტაბახმელაში ძაღლმა ეზოში მოთამაშე ხუთი წლის ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, ვახტანგ ლომჯარიას  ინფორმაციით, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. ჰასკის ჯიშის ძაღლმა ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა და თავად მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევით გადაურჩა სიკვდილს.

„წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის „რაღაცას". ეს „რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა... სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში“, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, ჰასკის მდგომარეობა ძალიან რთული იყო, თუმცა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

„მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრობ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო, ეზოში ბავშვი რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო“, - წერს ლომჯარია.

გიურზა გველგესლასებრთა ოჯახის შხამიანი გველია. მისი სიგრძე, შესაძლოა, ორ მეტრსაც აღწევდეს, ხოლო წონა სამ კილოგრამს.

 

ყველა ახალი ამბავი
0