თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მედიკოსები დამაკმაყოფილებლად აფასებენ 28 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობას, რომლებსაც ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდათ და საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები, რომლებიც მონაწილეობენ სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა“, სამშობლოში გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ. მათ ბუნდესვერის მედიკოსები ახლდნენ. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ჩივილები არა აქვთ. მოთავსებული არიან ნახევრად ბოქსირებულ პალატებში სტაციონარულ მკურნალობაზე მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად“, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ჩიმაკაძემ.
საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებული სამხედროები, სხვა სამხედროების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს.
დანარჩენი სამხედროები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.
საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.