თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. წინასაარჩევნო კამპანია ღია სივრცეში, დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს – სპეციალისტები პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო პერიოდში სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელის სიტყვებით, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით რეკომენაციების თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
მანამდე კი ცენტრის დირექტორი ყველას ზოგადი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ ეპიდემიოლოგებიც. იქნება საერთო რეკომენდაციები, ის, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ – დისტანციის დაცვა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ყველაზე მთავარი – წინასაარჩევნო კამპანიის ღია სივრცეებში ჩატარება და დისტანციის დაცვაა", – განაცხადა გამყრელიძემ Rustavi2-ის ეთერში.
საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში ჩაივლის. კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს კი, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 50-ს მიაღწია, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 22 მაისამდე მოქმედებდა.
მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად აუქმებს. ამასთან, ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და სავაჭრო ობიექტებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
– საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;
– დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
– აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
საქართველოში შეზღუდვების ვადები გახანგრძლივდება? გადაწყვეტილება პარლამენტზეა>>>
– სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დისტანციურად ხორციელდება;
– კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
– ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
– ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.
მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 968-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 844 ადამიანი, 15 კი გარდაიცვალა.