თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ბოთლში ჩადებული წერილი, რომელიც 9 წლის საბა შარაშენიძემ ბათუმში ზღვაში გადააგდო, კრასნოდარის მხარეში, სანაპიროზე იპოვეს, წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ წევრი ოთარ ჩრდილელი.
პოსტიდან ირკვევა, რომ წერილის ავტორი 9 წლის საბა შარაშენიძეა, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს. მან წერილი ბოთლში მოათავსა და ზღვაში გადააგდო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გზავნილი ზღვამ კრასნოდარის მხარეში გამორიყა.
„ახლა იქაური გაზეთის რედაქტორი ეძებს საბას, ხომ არ იცნობთ?” – დაწერა ოთარ ჩრდილელმა „ფეისბუქში“ და წერილიც გამოაქვეყნა.
მოგვიანებით ოთარ ჩრდილელმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს აცნობა, რომ წერილის ავტორი იპოვეს და საზოგადოებას მისი ფოტოც გაუზიარა.