თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლე – საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია მზადაა დამთვალიერებლების მისაღებად, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის Facebook-გვერდზე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამთვალიერებლების რაოდენობა ჯგუფში შეზღუდული იქნება – არაუმეტეს ათი კაცისა.
„გაითვალისწინეთ, რომ შენობაში უნდა გეკეთოთ პირბადე. შენობაში შესვლამდე კი ჩაგიტარდებათ თერმოსკრინინგი და გაივლით დეზობარიერს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ორბელიანების სასახლე დამთვალიერებლებს უმასპინძლებს ორშაბათობითა და ხუთშაბათობით 12:00-დან 17:00 საათამდე.
მსურველებმა ფოსტაზე info@president.gov.ge წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია: მიუთითონ ვიზიტის სასურველი თარიღი, ტელეფონის ნომერი და დამთვალიერებელთა სია მონაცემებით – სახელი, გვარი, პირადი ნომერი.