თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქმედებები RT-ს ტელეარხების მიმართ - მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების ცინიკური დარღვევაა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ადრე ლიეტუვას რადიო და ტელემაუწყებლობის კომისიამ (LRTK) ქვეყანაში RT-ს ხუთი ტელეარხის ტრანსლაცია აკრძალა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, აკრძალვა ვრცელდება შემდეგ არხებზე: RT, RT HD, RT Spanish, RT Documentary HD, RT Documentary. აკრძალვა ხუთშაბათს ამოქმედდება. გასულ კვირაში ამავე არხების მაუწყებლობა, ასევე RT Arabic-ის აკრძალა ლატვიამ. აღნიშნული გადაწყვეტილება ახსნეს იმით, რომ ეს არხები ეკუთვნის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურ დირექტორს, დმიტრი კისელიოვს, რომელსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.
„ჩვენ კვლავ ვაფიქსირებთ მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების ცინიკურ დარღვევას ბალტიის ქვეყნებში, სადაც სულ უფრო ნაკლებად მალავენ რუსოფობიას და ნებისმიერი ხერხით ცდილობენ მოაშორონ თავისი მედიასივრციდან რუსული საინფორმაციო არხები“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის არცერთ მაღალჩინოსანს აქამდე არ გაუკეთებია კომენტარი „ბალტიისპირეთში არსებული სიტყვის თავისუფლების ხელყოფისა და განსხვავებულ აზრთან ბრძოლის გამო“.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ბრიუსელის დაუშვებელმა დუმილმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული მედიის დისკრიმინაციის მრავალრიცხოვან ეპიზოდებთან დაკავშირებით იმდენად გაუხსნა ხელები ამ ქვეყნების ხელმძღვანელობას, რომ ახლა ისინი არც კი იწუხებენ თავს იმით, რომ რუსული მედიაჰოლდინგის მიმართ თავის ნაბიჯებს და საქციელს რაიმე დასაბუთებული ახსნა მოუძებნონ“, - აღნიშნა ზახაროვამ.
კისელიოვი „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორია, ხოლო RT-ს მთავარი რედაქტორია მარგარიტა სიმონიანი, რომელზეც ევროკავშირის არანაირი სანქცია არ ვრცელდება. ეს კომპანიები - ორი ცალკეული იურიდიული პირია, ეს ინფორმაცია დიდი ხანია ცნობილია და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ზახაროვა აცხადებდა, რომ RT-ს შვიდი ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვა ლატვიაში აღმაშფოთებელი და უნებართვო ნაბიჯია.
ივლისის დასაწყისში სიმონიანმა ირონიულად აღნიშნა თავის Twitter-ში, რომ მას მერე, რაც ლეტუვამ ლატვიის კვალდაკვალ აკრძალა RT-ს არხების მაუწყებლობა, უნდა ველოდოთ, როდის შეუერთდება ესტონეთი თავისი არაბულ- და ესპანურენოვანი მოსახლეობის RT-სგან დაცვის აქციას.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა ლატვიის მსგავსად განიხილავს RT-ს არხების ტრანსლაციის აკრძალვის შესაძლებლობას.