თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფი სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას.
2020 წლის დასაწყისიდან თბილისელები ერთ კუბომეტრ გაზზე 0,002 თეთრით ნაკლებს იხდიან. ტარიფი ერთ კუბომეტრზე 46,137 თეთრს შეადგენს. ეს ტარიფი 2020 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
როგორც კომისიაში აცხადებენ, ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა ე.წ. სოციალური გაზის შესყიდვაზე ტარიფის შემცირების გამო. SOCAR Georgia Gas LLC-ს სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ის გათვალისწინებით 56,928 თეთრს შეადგენს ერთ კუბომეტრზე. Sakorgas Ltd-ს ტარიფი ახალი კლიენტებისთვის, დღგ-ის ჩათვლით, 56,990 თეთრია ერთ კუბომეტრზე.
„არის სპეციალური ფორმულა, რომლის მეშვეობითაც მარეგულირებელი კომისია ითვლის გაზის ტარიფს. ამ ეტაპზე, როცა ჩვენ რეგიონებისთვის დავადგინეთ „სოკარის“, „საქორგაზისა“ და რამდენიმე მცირე ლიცენზიანტის ტარიფები, ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ, ერთი მხრივ, მოსაწოდებელი გაზის ფასი შემცირდა, მეორე მხრივ, სახელმწიფომ გარკვეული შეხიდება გააკეთა თავის მხრივ მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ სოციალური გაზის ტარიფი შევინარჩუნეთ იგივე და მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფი იქნება უცვლელი“, – განაცხადა ნარმანიამ.
მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარება – ეს არის აზერბაიჯანიდან თურქეთში გაზის ტრანზიტისთვის თავისი წილის დათმობა, რაც საშუალებას იძლევა, რომ გაზის ტარიფი არ გაიზარდოს.
მისი აზრით, ვითარებაზე გავლენა მოახდინა ლარის გაცვლითი კურსის ვარდნამ, მაგრამ კურსის განსხვავების დაბალანსება სწორედ სახელმწიფოს მონაწილეობით გახდა შესაძლებელი.
„გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის მისაწოდებელი გაზის ფასში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, მისი კუთვნილი გაზით ფასის სუბსიდირება მოახდინა. ანუ კორპორაცია არ აიღებს კუთვნილ გაზს და მოგებას, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაზის ტარიფს დაასუბსიდირებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ იგეგმება ელექტროენერგიის ტარიფის არაგეგმური გადახედვა.