თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.
სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ძლიერი ქარი, სიცხე და რთული რელიეფი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად ცეცხლის ახალი კერებისა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. სოფელში ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილობრივებმა ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. რისკის ზონაში 11 ოჯახი ცხოვრობს.
„ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, შექმნილია საგანგებო შტაბიც. სამი ერთეული ვერტმფრენი, რომელიც დილის 7 საათიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ერთადერთი მინდა ავღნიშნო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს ამ ეტაპისთვის“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.
ადგილზე დილიდანაა მობილიზებული დამატებითი ძალები – როგორც სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. სვანეთში ხანძარს ებრძვის 110 მეხანძრე-მაშველი და შვიდი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მესამე ვერტმფრენი. გარდა ამისა, მაშველებს ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილობრივებიც ეხმარებიან.
სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე ასევე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.
ნიკა ლატარია