სვანეთში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან – ვიდეო

გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე დილიდანაა მობილიზებული დამატებითი ძალები – როგორც სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. სვანეთში ხანძარს ებრძვის 110 მეხანძრე-მაშველი და შვიდი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

რისკის ზონაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი დაკვამლიანების გამო ამ ზონიდან ბავშვები გამოიყვანეს.

„ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი. ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", – აღნიშნავენ უწყებაში.

ხანძარი სვანეთის ტყეში - Sputnik საქართველო
სვანეთში ტყის მასივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ხანძრის კერებთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმაც. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მესამე ვერტმფრენი.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე ასევე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0