რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში არსებული წყაროების თქმით, რუსეთის ელექტრომაგნიტური ქვემეხების საცდელი ნიმუშების მიერ სამიზნის დაზიანების სიშორე 10 კმ-ს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი ხედვის ზონაში მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიური საჰაერო და სახმელეთო შეიარაღება მყისიერად შეიძლება ლითონის გროვად იქცეს. უხმაურო გასროლას მილიწამი სჭირდება, რასაც არ ახლავს ცეცხლი, კვამლი და უკუდარტყმა. ელექტრომაგნიტური ქვემეხის პოზიციის გამოვლენა რადიოლოკაციის ან თანამგზავრული დაზვერვის სტანდარტული საშუალებებით შეუძლებელია.
მანამდე ელექტრომაგნიტური ქვემეხის მოქმედების სიშორე სამი კილომეტრი იყო. ახალი ტიპის შეიარაღების გამოცდა 2015 წლიდან მიმდინარეობს, ქვემეხები წარმატებით „წვავს“ უპილოტო აპარატებს ჰაერში და სხვადასხვა დანადგარებს ხმელეთზე.
ახალი ელექტრომაგნიტური ქვემეხების შეიარაღებაში შეტანის ვადა მონიშნული არ არის, თუმცა რუსეთი უკვე მჭიდროდ მიუახლოვდა მას — წარმატება ხილულია. დღეს საცდელ ნიმუშებს უკვე აქვთ უნარი, მნიშვნელოვან მანძილზე დააზიანონ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები, ვერტმფრენები და ფრთოსანი რაკეტები. ახალმა ქვემეხმა რეკორდი სწორედ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალების სახით დაამყარა: „დაწვა“ 10 კმ დაშორებით განთავსებული სასწავლო საჰაერო სამიზნე. თუ მოქმედების სიშორის გაზრდა 20 კილომეტრამდე იქნება შესაძლებელი, მაშინ სამიზნეებს შორის აღმოჩნდება თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებიც. სავარაუდოდ, რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამ კუთხით დიდი დრო არ დასჭირდება.
ელექტრომაგნიტური ქვემეხები მოწინავე ხაზზე
იარაღი, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტექნოლოგიას ეყრდნობა, მოქმედების პრინციპით ახლოსაა რადიოელექტრონულ საბრძოლო სისტემებთან. დენთისა და ლითონის ნაცვლად, რუსული ელექტრომაგნიტური ქვემეხი მაღალი სიხშირის გამოსხივებას იყენებს, რომელიც სინათლის სისწრაფით მოძრაობს. ჯერჯერობით პრობლემად რჩება უზარმაზარი ენერგოდანახარჯები თითოეულ გასროლაზე, მაგრამ ტექნოლოგია გამუდმებით იხვეწება.
პერსპექტივაში ელექტრომაგნიტური ქვემეხების დადგმა შესაძლებელი გახდება მეექვსე თაობის მძიმე გამანადგურებელ უპილოტო აპარატებზე, ქვეითი ჯარების ტექნიკასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებზე. თუ ერთ დღეს ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა, უპილოტო აპარატებმა, ფრთოსანმა რაკეტებმა, ტანკებმა და სხვა ჯავშანტექნიკამ „უმიზეზოდ გაჭედა“, ე.ი. ისინი ახალ ტექნოლოგიას აქვს მიზანში ამოღებული.
ელექტრომაგნიტური ქვემეხი არალეტალურ იარაღად მიიჩნევა — ანადგურებს ელექტრონიკას, მაგრამ ინდობს ცოცხალ ძალას. ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შეუძლია დააზიანოს ნერვული, იმუნური და სხვა სისტემები. და მაინც, თუ ელექტრომაგნიტური იმპულსი „დაწვავს“ მიკროსქემებს და პილოტირებულ საფრენ აპარატს გააჩერებს, მაშინ პილოტი განწირულია — კატაპულტა ასევე არ იმუშავებს.
ელექტრომაგნიტური იარაღი — ეს კონკრეტულ სექტორებში მუშაობისთვის გამიზნული ინსტრუმენტების მთელი სპექტრია. მაგნიტური ველი შესაძლოა გამოყენებული იყოს ჭურვისთვის საწყისი სიჩქარის მისანიჭებლად, როგორც დენთის ალტერნატივა.
რუსეთში პრიორიტეტულად ვითარდება რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები, ელექტრომაგნიტურ ბომბებს აქვთ უნარი, გათიშონ მოწინააღმდეგის მთელი ელექტრონული და რადიოაპარატურა 4 კმ რადიუსში; ანუ დატოვონ მოწინააღმდეგის ჯარი კავშირისა და მართვის გარეშე, გადააქციონ მათი ქვედანაყოფები არაორგანიზებულ ბრბოდ.
საინტერესოა, რომ ელექტრომაგნიტური ქვემეხის შექმნის იდეა ერთდროულად გაჩნდა რუსეთსა და საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დროს. მას საფუძვლად დაედო გერმანელი მკვლევარის იოჰან კარლ ფრიდრიხ ჰაუსის, ელექტრომაგნეტიზმის თეორიის ავტორის ნაშრომები. იდეამ დროს გაუსწრო და ამიტომ სამხედრო ტექნიკაში გამოყენება ვერ ჰპოვა: ფრანგულმა მოდელმა 50-გრამიანი ჭურვი 200 მილიწამამდე ააჩქარა და ღიად დამარცხდა ჩვეულებრივ არტილერიასთან. „მაგნიტო-ფუგალური“ ქვემეხის რუსული პროექტი კი ნახაზებად დარჩა.
ელექტრომაგნიტური იარაღის იდეის რენესანსი 21-ე საუკუნის დასაწყისში დადგა. 2011 წელს არციმოვიჩის რელსოტრონმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მაღალი ტემპერატურის ლაბორატორიაში. ელექტრომაგნიტური ქვემეხი ძალიან პატარა ჭურვებს ისროდა, მაგრამ ელექტრომაგნიტური აჩქარების მქონე ეს „მარცვლები“ ფოლადის დაფებს პლაზმად აქცევდა. ხუთი წლის შემდეგ რუსმა სპეციალისტებმა მასალა პრაქტიკულად პირველ კოსმოსურ სისწრაფემდე ააჩქარეს.
პარტნიორები ჩამორჩებიან
ელექტრომაგნიტური ქვემეხების პროექტებზე მუშაობენ აშშ-ში, ისრაელში, თურქეთში, საფრანგეთსა და ჩინეთში. მაგრამ არც ერთ ამ ქვეყანას არ მიუღწევია „მაღალი ხარისხის ცეცხლის“ სიშორის ათკილომეტრიანი ეფექტისთვის. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გასულ წელს რელსოტრონული ქვემეხი გამოსცადა, რომლის ჭურვის გაშვების სიჩქარე დაახლოებით 2041 მ/წამი იყო. შევნიშნავ, რომ ეს მყარსხეულიანი საბრძოლო მასალა (არა ელექტრომაგნიტური იმპულსი) მაინც ვერ აჭარბებდა თანამედროვე არტილერიის მაქსიმალურ სიჩქარეს — 2500 მ/წამს. მომავლის ომებისთვის ეს აჩქარება აშკარად არ არის საკმარისი.
რელსოტრონი — ეს ელექტრომაგნიტური ქვემეხის სახეობაა, რომლის ძირითადი ელემენტებია კვების წყარო, კომუტაციური აპარატურა და ერთიდან ხუთ მეტრამდე სიგრძის ორი ელექტროგამტარი რელსი. გასროლა მაღალი ძაბვის მიწოდების მომენტში ხდება პლაზმისა და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიების ხარჯზე.
ამერიკელები 475 მმ-იანი რელსოტრონული ქვემეხის გამოცდას 2000-იანი წლების დასაწყისიდან აწარმოებენ, მაგრამ წარუმატებლად. 23 კილოგრამიანი ჭურვი, რომელიც ლულიდან დაახლოებით 2200 მ/წმ სიჩქარით ფრინდება, საშინელ ნგრევას იწვევს. უცნობია, საით და რამდენად შორს მიფრინავს იგი.
ამერიკული რელსოტრონული ქვემეხის მოწინავე ამერიკულ ესკადრონულ ნაღმმზიდ Zumwalt-ზე განთავსების იდეაზე საბოლოოდ უარი თქვეს იმის გამო, რომ ის უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას ხარჯავდა რამდენიმე ათეულ გასროლაზე. ხომალდი არ შეიძლება იყოს საკუთარი შეიარაღების მსხვერპლი, ხოლო ელექტრომაგნიტური ქვემეხის გამოყენება ნაღმმზიდის თითქმის მთელი ელექტრონიკის გათიშვას მოიაზრებდა, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ჩათვლით. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ინსტიტუტის სპეციალისტებმა Zumwalt-ის ტიპის ნაღმმზიდების საკომანდო ხომალდებად გამოყენების წინადადება დააყენეს. კვლევები გრძელდება. მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სფეროში მოწინავე ქვეყნები აშკარად ჩამორჩებიან რუსეთს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს