თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს საქალაქო სამსახურმა თბილისის მასშტაბით ჩატარებული შემოწმების საფუძველზე ორ უფასო სასადილოს საქმიანობა შეუჩერა, ნათქვამია უწყების Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ ორ შემთხვევაში აღინიშნა. სააგენტოს სპეციალისტებმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნეს-ოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა.