თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ქედის მუნიციპალიტეტში ხეობაში ჩავარდა. დაიღუპა 56 წლის ქალი, სამი ადამიანი დაშავდა.
ავტოავარია გუშინ საღამოს სოფელ მეძიბნაში მოხდა. მანქანა ხეობიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავდა სამი. ერთ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, დაახლოებით 11 წლის ბავშვი კიდურების მოტეხილობით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. დაშავებულია ასევე 64 წლის ქალბატონი, მას კიდურების მოტეხილობა აქვს. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება. ბათუმის კლინიკაში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.