თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში სოფელ იდლიანთან გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამი ეკიპაჟი და 20 მეხანძრე მაშველი, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ცეცხლის კერები 2 ჰა ფართობზეა გაჩენილი. ცეცხლის გამომწვევ მიზეზად წუხელ მეხის ჩამოვარდნა სახელდება.
ხანძარს სვანეთში მეხანძრე-მაშველები დღეს დილიდან ებრძვიან.
ნიკა ლატარია