თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 948-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
მედიის ინფორმაციით, ორივე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. ერთ-ერთი არის 27 წლის მამაკაცი, რომელიც თურქეთის გავლით ყაზახეთიდან დაბრუნდა, მეორე არის ქალი და ის ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია.
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3569, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 199 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.