თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილობრივებმა პროტესტი თავდაპირველად სოფლის ცენტრში გამოხატეს, ხოლო შემდგ ცენტრალურ მაგისტრალზე გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, თუმცა სამართალდამცავების მოთხოვნის შემდეგ გზა გახსნეს.
ადგილობრივების თქმით, უკვე ორი კვირაა სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ და ისინი მოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგანან.
მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ შიდა ქართლის მელიორაციის სამსახურის და ქარელის საკრებულოს წარმომადგენლებიც.
აქციის მონაწილეებმა ისინი უყურადღებობაში დაადანაშაულეს.
შიდა ქართლის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ განუმარტეს მოსახლეობას, რომ ტაშისკარის მაგისტრალური არხიდან წყალი სოფელს გრაფიკით მიეწოდება მხოლოდ ღამის საათებში. საღამოს რვა საათზე წყლის მაგისტრალზე ფარები იკეტება და სოფელ რუისს სარწყავი წყალი 22:00 საათიდან დილამდე შეუძლია ისარგებლოს.
მოსახლეობა კი ირწმუნება, რომ ამ გრაფიკით წყალი ყველას არ ყოფნის და უფრო მეტიც, წყალი ბოლო ორი კვირაა, არც ღამის საათებში მოდის.