თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მარსიანული ქალაქის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, იუწყება Mirror-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში, რომელსაც Mars Science City ერქმევა, იმიტირებული იქნება პლანეტა მარსზე ცხოვრება ისე, როგორც ჩვენ დროში წარმოუდგენიათ მეცნიერებს.
Supporting the creation of a permanent, self-sustaining human presence on Mars. https://t.co/kCtBLPbSg8 pic.twitter.com/ra6hKsrOcG
— SpaceX (@SpaceX) September 29, 2017
ცნობა იმის შესახებ, რომ დუბაის მახლობლად მარსიანული ქალაქის მშენებლობა იგეგმებოდა, 2017 წელს გავრცელდა. მაშინ საამიროების ხელმძღვანელობამ ისიც განაცხადა, რომ ქვეყანა წითელი პლანეტის კოლონიზაციას ასი წლის შემდეგ შეძლებს.
ცნობილი ხდება, რომ ქალაქის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. იქ იცხოვრებენ მკვლევარები და ივარჯიშებენ ასტრონავტები.
Mars Science City-ს ფართობი 176 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი იქნება. ყველა ნაგებობა მიწისქვეშაა და 3D-პრინტერზე დამზადებული გუმბათითაა გადახურული. ერთ-ერთ ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია დუბაის უდაბნოს ქვიშა, ხოლო გარემოსგან დაცვას პოლიეთილენის მემბრანები უზრუნველყოფს.
წნევის ქვეშ მოქცეულ ბიომებში განთავსდება კვლევითი ლაბორატორიები, საცხოვრებელი კომპლექსები და ბაღები, რათა ექსპერიმენტული ქალაქის მოსახლეობა საკვებით იყოს უზრუნველყოფილი.
აღსანიშნავია, რომ მარსიანული პირობების შექმნას ასევე ცდილობენ ესპანეთის კუნძულ ლანსაროტზე, სადაც უკვე ვარჯიშობენ ადგილობრივი ასტრონავტები. ხოლო NASA საკუთარი ტექნიკის გამოსაცდელად კანადის კუნძულ დევონს იყენებს, ვინაიდან იქაურობა ძალიან ჰგავს მარსის ზედაპირს.