პროკურატურამ „რესბალნიცის“ ყოფილ დირექტორ მუხაძეს ბრალი წარუდგინა

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად პენიტენციური სამედიცინო დაწესებულების ყოფილ დირექტორზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში პატიმრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე, რომელზეც ამჟამად საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

როგორც საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პატიმარ ალექსანდრე მანუკიანის მიერ შეტანილ სარჩელზე. 

სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო
ციხის ბუნტის ჩახშობა საქართველოში: სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის დარღვევა აღიარა

„2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს წამების აკრძალვას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 18 იანვარს მსჯავრდებულ ალექსანდრე მანუკიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა პენიტენციური სამკურნალო დაწესებულების ექიმთან, რომელმაც, მისი აზრით, არასათანადო მკურნალობა გაუწია. მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების გამო ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა მანუკიანი იძულებით შეიყვანეს რენტგენის გადასაღებ ოთახში, სადაც მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ კვლავ დააბრუნეს სამკურნალო დაწესებულების მისაღებში. 

რაც შეეხება ინციდენტს, ამის შესახებ დაწესებულების დირექტორს მალევე აცნობეს, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ შესაბამისი ზომები მიეღო, მანუკიანის დასჯისა და დაშინების მიზნით დაწესებულების თანამშრომლებს მისთვის ხელბორკილების დადება და იზოლირებულ ოთახში მოთავსება დაავალა. იქ კი დირექტორის უშუალო მონაწილეობით დაწესებულების თანამშრომლები ძალადობრივი და დამამცირებელი მეთოდებით პატიმარს ფიზიკურად, მათ შორის სხვადასხვა საგნების გამოყენებით ჯგუფურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მანუკიანს მიადგა ფიზიკური და მორალური ტანჯვა, ნათქვამია განცხადებაში. 

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
თბილისის ექს-მერი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართავს

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის მიმართ საქმე აღძრულია სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რამაც მას ძლიერი ფიზიკური და მორალური ტანჯვა მიაყენა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის და 9 წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გარდა ამისა, იგი ბრალდებულია არაერთ მძიმე დანაშაულებრივ ეპიზოდში და ამ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

რამდენადაც ბრალდებული ძებნაშია და თავს არიდებს მართლმსაჯულებას, განაჩენი გასაცნობად გადაეცა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს. 

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით პროკურატურის თანამშრომლები გამოძიებას აგრძელებენ.

დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიება 29 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0