თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვეტოს დაადებს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტს, თუ მასში შესული იქნება ნორმა იმ სამხედრო ბაზებისთვის სახელების გადარქმევის შესახებ, რომლებიც სამოქალაქო ომის დროინდელი სამხრეთელი გენერლების სახელს ატარებენ.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.
I will Veto the Defense Authorization Bill if the Elizabeth “Pocahontas” Warren (of all people!) Amendment, which will lead to the renaming (plus other bad things!) of Fort Bragg, Fort Robert E. Lee, and many other Military Bases from which we won Two World Wars, is in the Bill!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 1, 2020
„მე ვეტოს დავადებ თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს, თუ მასში შესული იქნება ელიზაბეტ „პოკაჰონტას“ უორენის შესწორება, რომელიც ფორტ–ბრეგის, ფორტ რობერტ ედვარდ ლისა და ბევრი სხვა სამხედრო ბაზისთვის სახელის გადარქმევას (და სხვა ცუდ რამეებსაც) ითვალისწინებს, რომლებთან ერთადაც ჩვენ ორ მსოფლიო ომში გავიმარჯვეთ!“ — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მანამდე აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა მოიწონა ქვეყნის 740 მილიარდ დოლარიანი თავდაცვის ბიუჯეტი. ახლა კანონპროექტი სენატის სრულმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს, შემდეგ წარმომადგენელთა პალატის პროექტთან შეათანხმოს და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა უყაროს კენჭი. მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
კანონპროექტში ერთ-ერთ ნორმად შესულია სამოქალაქო ომში მონათმფლობელური სამხრეთელი გენერლების სახელობის სამხედრო ბაზებისთვის სახელების გადარქმევის წინადადება. აღნიშნული შესწორება სენატორმა ელიზაბეტ უორენმა შეიტანა კანონპროექტში იმ საპროტესტო აქციებისა და არეულობების ფონზე, რაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას მოჰყვა.