თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა მხედველობაზე წითელი ფერის გავლენის ფენომენს მიაკვლიეს, მათი აღმოჩენა Journals of Gerontology-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერების თქმით, ასაკთან ერთად, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, ადამიანს მხედველობა უქვეითდება. ეს დამოკიდებულია ბადურა გარსის მგრძნობელობაზე. მის უჯრედებში მიტოქონდრიების რაოდენობა მცირდება. სწორედ ისინი უზრუნველყოფენ უჯრედს ენერგიით. მიტოქონდრიები, პირველ რიგში, აუცილებელია ფოტორეცეპტორებისთვის, ისინი ყველაზე ადრე განიცდიან მის დეფიციტს.
ფოტორეცეპტორული აპარატი შედგება ნერვული უჯრედების კოლბებისა და ჩხირებისგან. კოლბები შეიცავს ოპტიკურ პიგმენტ იოდოფსინს, ჩხირებში კი შედის როდოფსინი. კოლბები პასუხისმგებელია ფერად და ცენტრალურ მხედველობაზე, ჩხირები კი — შავ-თეთრ, პერიფერიულ და წყვდიადის, ასევე საგნობრივ, ანუ ფორმის აღქმაზე.
ბრიტანულ კვლევაში მონაწილეობდა 24 ადამიანი: 28-დან 72 წლამდე ასაკის 12 მამაკაცი და 12 ქალი, რომელთაც თვალის დაავადებები არ აწუხებდათ.
თავდაპირველად მეცნიერებმა ყველა მონაწილის თვალის ბადურის მგრძნობელობა შეამოწმეს. ჩხირების მგრძნობელობა სიბნელეში შემოწმდა, სადაც ცდის მონაწილე ადამიანებს მკრთალი სინათლის წყარო უნდა ეპოვათ, კოლბების შესამოწმებლად კი საცდელ პირებს არაკონტრასტულ ფონზე ბუნდოვანი ფერადი ასოები უნდა ეპოვათ.
ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს შუქდიოდური ფანრები გადაეცათ, რომლებიც 670 ნანომეტრი სიგრძის მუქ წითელ შუქს ასხივებდა. ორი კვირის განმავლობაში მათ ყოველდღე 3 წუთის განმავლობაში უნდა ეცქირათ ამ შუქისთვის.
ბოლოს მეცნიერებმა კვლავ შეამოწმეს მონაწილეთა კოლბებისა და ჩხირების მგრძნობელობა. აღმოჩნდა, რომ წითელი სინათლის ზემოქმედების შედეგად ჩხირების აქტიურობა გაიზარდა, მაგრამ არა ყველა საცდელ პირში.
გაირკვა, რომ 28-36 წლის მონაწილეებში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა, სამაგიეროდ 40 წელს ზემოთ ასაკის მონაწილეებმა მხედველობის შესამჩნევი გაუმჯობესება იგრძნეს. კერძოდ, გაუმჯობესდა ფერების ამოცნობის უნარი, მაგალითად, ლურჯისა — 20%-ით.
აღსანიშნავია, რომ სწორედ სპექტრის ლურჯ ნაწილში მცირდება ყველაზე მეტად მგრძნობელობა ასაკის მატებასთან ერთად.
ამრიგად, წინასწარმა კვლევამ აჩვენა, რომ სინათლის ტალღების მოკლევადიანი მოქმედებით ხანდაზმულ პაციენტებში მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია.
ამ ფენომენის შემდგომი შესწავლა დაქვეითებული მხედველობის მქონე ადამიანებს მის აღდგენაში მარტივად დაეხმარება, მით უმეტეს, რომ ასეთი თერაპიის ჩატარება სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.