თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს.
საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 150-დან 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა სამი.
არჩევნების ახალი სისტემა
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა 1%-ზე მეტ ხმას მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში.
დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ.
დღეს არსებული სისტემისგან განსხვავებით, პარტიებს შორის ადგილების გადანაწილება პარლამენტში გამოითვლება ახალი ფორმულით, რომელიც პროპორციული არჩევნების შედეგებზეა ორიენტირებული.
ამ ფორმულის მიხედვით, იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვა, ე.წ. 40%-იანი „ჩამკეტი“ – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.
თუ შედეგების დათვლის შემდეგ პარტიას ან ბლოკს დადგენილ ლიმიტზე მეტი მანდატი აღმოაჩნდება, მათ გადაანაწილებენ სხვა პარტიებსა და ბლოკებს შორის, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები
30 ერთმანდატიანი ოლქიდან თბილისში იქნება ყველაზე მეტი – 8, დანარჩენი 22 კი 10 რეგიონზე გადანაწილდება.
რეგიონი | რეგიონებში ოლქების გადანაწილება |
კახეთი | 2 ოლქი |
ქვემო ქართლი | 3 ოლქი |
მცხეთა-მთიანეთი | 1 ოლქი |
შიდა ქართლი | 2 ოლქი |
სამცხე–ჯავახეთი | 2 ოლქი |
იმერეთი | 4 ოლქი |
სამეგრელო–ზემო სვანეთი | 3 ოლქი |
გურია | 1 ოლქი |
აჭარის არ | 3 ოლქი |
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 1 ოლქი |
ვინ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას
ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ პარტიებს, რომლებიც ცესკოში ამომრჩევლის არანაკლებ 5 ათას ხელმოწერას წარადგენენ.
ხელმოწერები არ დასჭირდებათ იმ პარტიებს, რომლებიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდნენ და მიიღეს სულ ცოტა 15 ათასი ხმა, აგრეთვე პარტიებს, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატმაც მინიმუმ 15 ათასი ხმა მიიღო.
დღეს მიღებული ეს ცვლილებები იმოქმედებს მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ან ნებისმიერ რიგგარეშე არჩევნებზე 2024 წლამდე. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები სხვა წესებით გაიმართება.