მუსიკალური კონკურსი „დიდი სცენა“ დაიწყო. ამჯერად გულშემატკივრებმა პროექტის საუკეთესო მონაწილეთა შერჩევის პროცესს მიადევნეს თვალი. საუკეთესო ათეული საუკეთესოს წოდებისთვის ბრძოლას ჟიურისა და ტელემაყურებლის წინაშე განაგრძობს. მანამ კი წარმოგიდგენთ დღევანდელი შესარჩევი ტურის საუკეთესო გამომსვლელთა ხუთეულს.
მემე ჟორდანია - ბოდიპოზიტივი
ეს ხალისიანი, ენერგიული და უდავოდ ნიჭიერი გოგონა ალბათ ბევრს ახსოვს უკრაინული შოუდან „ხმა“, სადაც მარიამ ჟორდანიას სახელით ასპარეზობდა. მაშინ გოგონამ მაყურებელს თავი დაამახსოვრა არა მხოლოდ კარგი გამოსვლით, არამედ როგორც ბოდიპოზიტივის აქტივისტმა.
იგი არც დღევანდელ ტურზე გამოცხადებულა ტყუილ-უბრალოდ: ყველა იმთავითვე მოხიბლა არტისტულობით და, რასაკვირველია, სულში ჩამწვდომი, ძლიერი ხმით. შედეგად კი საუკეთესო ათეულის ბილეთიც დაიმსახურა.
თემო კახელიშვილი - მრავალწახნაგიანი
ოცდაორი წლის თემო კახელიშვილმა თავის თავზე საუბრისას მსმენელი სამი რამით გააკვირვა: პირველი - იგი 8 წლიდან მღერის და საბავშვო კონკურს „ანა-ბანაშიც“ აქვს მიღებული მონაწილეობა; მეორე - სერიოზულადაა გატაცებული კალიგრაფიით და მესამე - ამერიკელმა მომღერალმა ჯესი ჯეიმ ერთხელ თემოს „ქავერი“ თავის გვერდზე გააზიარა.
ჩვენ არავის გავაკვირვებთ, თუ ვიტყვით, რომ ასეთი ნიჭიერი ბიჭი მომდევნო ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გადავიდა. ჟიურიმ მას შესანიშნავი შესრულებისთვის მადლობაც გადაუხადა.
თინა დათიკაშვილი - ტემბრი
23 წლის თინა დათიკაშვილი ასევე ბავშვობიდან მღერის და, როგორც თავად ამბობს, „სიმღერა მისთვის ყველაფერია“. პირველივე ნოტებიდან გამოჩნდა მისი არაჩვეულებრივად საინტერესო ხმის ტემბრი და შესაძლებლობები.
გოგონა, რასაკვირველია, მომდევნო ეტაპზე მოხვდა. ამის შესახებ მას ჟიურის წევრებმა სიმღერის დასრულებისთანავე განუცხადეს.
გიორგი ფუტკარაძე - ქუჩის სული
გიტარისტმა და ვოკალისტმა გიორგი ფუტკარაძემ შესანიშნავად შეასრულა ბრიტანული როკ-ჯგუფის, Radiohead-ის ჰიტი Street Spirit.
ეს იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ ჟიურის წევრებმა თავიანთი გადაწყვეტილება ზედმეტი სიტყვების გარეშე გამოაცხადეს - გიორგი მომდევნო ტურში გადავიდა.
მიხეილ ედიშერაშვილი - Rammstein
კიდევ ერთმა მომღერალმა რუსთავიდან მიხეილ ედიშერაშვილმა ჟიურის წევრები ჯერ შერჩეული სიმღერით - Rammstein-ის კომპოზიციით - გააოცა, შემდეგ კი ხმის ტემბრით.