თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პრეზიდენტმა უჯარმის ციხე ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის და კულტურული ცხოვრების აღდგენის მხარდაჭერის მიზნით დაათვალიერა.
საქართველოს პრეზიდენტს კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერებინა და ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული უჯარმის ციხის მონახულების მიზანი მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და აღნიშვნაა. ვიზიტორებს პირველი ივლისიდან შეეძლებათ უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება, რომლის შემადგენლობაშიც შედის უჯარმის ციხის კომპლექსი.
„კომპლექსის ციტადელი სრულად გაიწმინდა ნაყარი მიწის ფენისგან. ასევე სრულად აღდგა და ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობის გალავნის კედელი. საკონსერვაციო სამუშაოებმა მოიცვა ციტადელის უმეტესი არქიტექტურული წყობები, რომლის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნად იყო მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ჩამოშლილი“, - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
კონსტრუქციული წყობების გაწმენდისა და კონსერვაციის შემდეგ, უჯარმის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდა. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი მოეწყო ლითონის საფეხურები და ქვის ბილიკები. სრულად განახლდება უჯარმის ვიზიტორთა ცენტრის შენობა, რომელიც შემეცნებით-საინფორმაციო და მულტიმედიური საექსპოზიციო დანადგარებით აღიჭურვება.
ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება.
უჯარმა, ისტორიული ცნობების მიხედვით, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული.
არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე 3 ჰა. ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან – ციტადელისა (ზედა დედაციხე) და ქვედა ციხისაგან შედგება.
მუზეუმების და ნაკრძალების ეტაპობრივი გახსნა საქართველოში თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ შაბათს, 20 ივნისიდან დაიწყო.