თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. აშშ-ში პარასკევს კორონავირუსით ინფიცირების ახალი დღეღამური რეკორდი დამყარდა - ახალი შემთხვევების რაოდენობამ 45 242-ს მიაღწია, იუწყება РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19-ით 125 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში აშშ-ში 2 467 510 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 663 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
მარტში ჯანმომ COVID-19-ის აფეთქებას პანდემია უწოდა. ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 9,4 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 484 ათასი ადამიანი.