თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული ორი ახალი შემთხვევა შემოტანილია სომხეთიდან - პაციენტები ტრაილერის მძღოლები არიან, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს ორით გაიზარდა და 921-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 781 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2687, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 207 პაციენტია.
ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორივე შემოტანილია და სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე 126 პაციენტი მკურნალობას განაგრძობს.
„დაგვემატა მხოლოდ 2 შემთხვევა და არის 921 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 გვყავს, იყო 780 და არის 781. ამ მონაცემებით ამ ეტაპზე დღეისთვის მკურნალობს 126 პაციენტი. 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ორივე შემოტანილია და არიან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები. სომხეთიდან შემოსულები არიან, ტესტირება ჩაუტარდათ საქართველოში. ერთი ჩვენთან ვინც მოთავსდა, სომხეთის მოქალაქეა, მეორე ალბათ საქართველოს მოქალაქეა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.